კარლ ჰარცელი: ორ განსხვავებულ მხარეს შორის ღირსეული დიალოგი შედგა

კარლ ჰარცელი: ორ განსხვავებულ მხარეს შორის ღირსეული დიალოგი შედგა

სასტუმრო "ბილტმორში", ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნაყოფიერი დიალოგი იყო და შეხვედრა კიდევ გაგრძელდება.

„ევროკავშირი ყოველთვის გამოხატავდა დიალოგის მნიშვნელობას ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ორ განსხვავებულ მხარეს შორის სასარგებლო და ღირსეული დიალოგი შედგა. მოლოდინი არ მქონდა, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ვფიქრობ ეს არარეალისტური იქნებოდა. რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ საფუძველი ჩაეყარა მუშაობას. ასევე, სხვასხვა ვარიანტების განხილვას, ერთმანეთის უკეთესი გაგება და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში ახალ კარებს გახსნის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს აქციის ორგანიზატორებს.

ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.