პარლამენტთან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება.
„ხელისუფლების მიერ შექმნილ მოლაპარაკების ფორმატი შირმაა. მასზე დაპატიჟებული ოპოზიცია ვერაფრით ისაუბრებს ჩვენი, აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სახელით. ამ მორიგი ტყუილით ხელისუფლება დროს წელავს და საერთაშორისო პარტნიორებს თვალს უბამს, თითქოს პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციას ცდილობს.
„სირცხვილიას“ არდაშვება მოლაპარაკებებზე ხელისუფლების მცდელობაა, ძირითადი მხარე დიალოგს გამოთიშოს და აქციები პარტიების მიერ მართულად წარმოაჩინოს. ამასთან, გააჩინოს დაპირისპირების კერები სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრის ერთობაში.
ერთადერთი შეთანხმება, რასაც განვიხილავთ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ პროპორციული არჩევნებია. თანახმა ვართ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევთავაზეთ. სხვა რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, არ გვაინტერესებს“, – წერს შოთა დიღმელაშვილი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.