მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში" წევრი, შოთა დიღმელაშვილი „ქართული ოცნების" დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს აქციის მონაწილეების სიმცირეზე გაკეთებულ რეპლიკაზე:
"დღეს ძველბიჭობა დაუწყია კობახიძეს, მუშტებზე იყურებოდა და მაგ "ფუფლოს" მინდა, შევთავაზო, რომ ისე გავარკვიოთ ეს საკითხი, დეპუტატის შეურაცხყოფისთვის არავინ ციხეში არ მოხვდეს. ვთავაზობ 3 რაუნდს ნებისმიერ რინგზე, თვითონ თუ უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს".
მისი თქმით, ეს პროცესები დამღლელია არა საზოგადოებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის.
"პოლიცია მობილიზებულია, პოლიციური რესურსიც აღარ ჰყოფნით, აგრეთვე გუშინ გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი და საკუთარ თავს მისცა ბოლო ვადა რომ 3-4 თვე შეგვიძლია ამის უზრუნველყოფაო, ამ ქოსატყუილებისგან 3-4 თვე ალბათ ნიშნავს 3-4 კვირას. ჩვენ გავაგრძელებთ იგივეს...", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ უმრავლესობის წევრების "ემოციების დარეგულირება უწევთ" საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:
"გვიწევს დეპუტატების შეკავება იმისათვის, რომ არ გამოხატონ ემოციები, გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომლებიც არიან პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზე არის საუბარი... შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ".