გურამ ნიკოლაშვილი:  განახლებულ „კმარას

გურამ ნიკოლაშვილი:  განახლებულ „კმარას" აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს და ეხლაც მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია (ვიდეო)

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, განახლებულ „კმარას", იგივე მოქმედი გმირებით და იგივე სცენარით, როგორც 16 წლის წინ, აპოკალიპტური რეალობის გათამაშება სურს.

"ვეტერანმა და ახალბედა „კმარელებმა" აპოკალიპტური რეალობა უნდა გაითამაშონ და ეხლაც, როგორც მაშინ, მთავარი ინსტრუმენტი ტელეეკრანია" - გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის" „დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, ოდიოზური მოძრაობა, რომელიც რევოლუციურ კომკავშირად მოევლინა მაშინდელ ქართულ საზოგადოებას, დასავლური ანალოგების მსგავსად  ქუჩის პროტესტებისა და პროვოკაციების საკეთებლად  შეიქმნა.

„კვირის დასაწყისში პარლამენტის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა, შენობის ბლოკირებაში გადაიზარდა. 20 ივნისისგან განსხვავებით პოლიციამ შეძლო უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ჭარბი ძალის გარეშე მოეხსნა შენობის ბლოკირება და გაეთავისუფლებინა თბილისის ცენტრალური გამზირი ხერგილებისგან.

გზები გაიხსნა, მოძრაობა აღდგა, პარლამენტში ჩატარდა ბიუროს სხდომა, ოპოზიციის წინააღმდეგობა დაიძლია, თუმცა ვერ მიიღწა მშვიდობა და თანხმობა.  ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ წინააღმდეგობას ყველა შესაძლო კანონიერი ხერხით, ხოლო სახელისუფლო გუნდში მოვლენათა განვითარების რამდენიმე ხაზი გამოიკვეთა.  მაჟორიტართა იმ ნაწილის განცხადებით, ვინც ხელი შეუშალა 2020 წელსვე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რათა დააყენონ ინიციატივა საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ ფორმაზე გადასაყვანად.

დღეს კი მოვისმინეთ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადება, სადაც მან კიდევ ერთხელ შეახსენა ნაციონალურ მოძრაობას კონკრეტული თარიღები, როდესაც ისინი არამხოლოდ ხელს უშლიდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, არამედ რეფერენდუმზე მიღებული ცვლილებებიც კი შეცვალეს მაჟორიტართა სასარგებლოდ.

სხვათა შორის, რეფერენდუმის შესახებ მოსაზრება უკვე გაისმა სხვადასხვა ექსპერტთა პირით, რომ დაპირისპირება საარჩევნო სისტემის ირგვლივ შესაძლოა ადვილად დასრულდეს მოსახლეობის აზრის გამოკითხვით, თუ როგორ სისტემას მიიჩნევენ ისინი მისაღებად" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.