კლდეზე დაკიდებული სასტუმრო, საფესტივალო სივრცე და ტურისტული ბილიკები – რა კეთდება აჭარაში?

კლდეზე დაკიდებული სასტუმრო, საფესტივალო სივრცე და ტურისტული ბილიკები – რა კეთდება აჭარაში?

კლდეზე დაკიდებული სასტუმრო ექსტრემალებისთვის, საფესტივალო სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში – მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც აჭარაში, ჭვანის ხეობაში იგეგმება. ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. გეგმის მიხედვით, ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.

ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ის რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია, სადაც ტურისტებს, გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულებისა, საშუალება აქვთ ადგილობრივი კერძები, თაფლი და ხილი დააგემოვნონ. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეული კი ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.