აკაკი ზოიძე მზად არის, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს

აკაკი ზოიძე მზად არის, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე მზად არის საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს.

“ვაჟა გაფრინდაშვილი არის ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი. იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. აი ამ პროფესიის წარმომადგენელი დღეს რჩება მძევლად, ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი მძევლად. ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს, მაშინ ჩვენ დღეს ყველა ვაჟა გაფრინდაშვილი ვართ, ვართ მძევალი სეპარატისტული რეჟიმის. პირადად მე ვარ მზად, რომ ჩავიდე დღესვე და ჩავანაცვლო ვაჟა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, ყველანაირი არხებით კეთდება ყველაფერი. ეუთო-ს პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. ყველა არხით ხდება ზეწოლა, იქნება მთელი რიგი განცხადებები გაეროს მხრიდან და მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა, ამიტომ ჩვენ ექიმები მზად ვართ, რომ ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა. ამ განცხადებას გაფრინდაშვილის შვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და რუს მფრინავებსაც მკურნალობდა. შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.