მაღალაშვილის პირველი კომენტარი: ,,დედა შემაგინა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა

მაღალაშვილის პირველი კომენტარი: ,,დედა შემაგინა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა"

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა და მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა.

დაპირისპირების შემდეგ ქირურგი პირველ კომენტარს "კურიერთან" აკეთებს.

მაღალაშვილი ინციდენტში ქალის მონაწილეობას არ ადასტურებს, მისი თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

"ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაცა საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია მას ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი.

ძალიან დიდი საყვედური მინდა ვთქვა, რომ მოხდა სამედიცინო დაწესებულებაში ასეთი რამ და არც ქალაქის ჯანდაცვის, არც სამინისტროს მხრიდან კითხვაც არ ყოფილა რა მოხდა," - განაცხადა გიორგი მაღალაშვილმა.

სამედიცინო დაწესებულებაში ექიმზე თავდასხმის ფაქტს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა:

"ვგმობთ მომხდარ ფაქტს, ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ექიმი ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას. მსგავსი ფაქტები რომლებიც საკმაოდ გახშირდა ბოლო პერიოდში ვნებს ზოგადად საზოგადოებას, იმიტომ რომ ექიმსა და პაციენტს შორის იწვევს უნდობლობას," - განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

ჩხუბი მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმი საოპერაციო ბლოკიდან გამოვიდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაზარალებულმა ექიმმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.