გიორგი ვაშაძე: ,,ხელისუფლება, რომელიც თავისი ძალის დემონსტრირებას საკუთარ ხალხზე აკეთებს, ის ხელისუფლება დამარცხებულია

გიორგი ვაშაძე: ,,ხელისუფლება, რომელიც თავისი ძალის დემონსტრირებას საკუთარ ხალხზე აკეთებს, ის ხელისუფლება დამარცხებულია"

მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან მთელი საქართველო „დაბოქლომდება".

„სხვა გამარჯვებებთან ერთად ყველაზე დიდი გამარჯვება - ნერვებია. ჩვენ მშვიდად ვართ, ისინი ნერვიულობენ. ჩვენ სტრატეგია გვაქვს, მათ არ აქვთ. ჩვენ თამაში შევცვალეთ. პირველად ხდება საქართველოში არაძალადობრივი განგრძობადი აქციები. ასეთი რამ არ ახსოვს საქართველოს. ლიდერების დრო დამთავრდა, ხალხის დრო დაიწყო. ინტერნეტის ეპოქაში ვართ და ეს განგრძობადი პროტესტი აუცილებლად ჩამოშლის საბოლოოდ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას". ამ ველზე მშვიდობიანი პროტესტის ველზე უსუსტესია ივანიშვილიც, გახარიაც და კალაძეც. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიკეთე და სიმართლე ჩვენ მხარესაა. ხელისუფლება, რომელიც თავისი ძალის დემონსტრირებას საკუთარ ხალხზე აკეთებს, ის ხელისუფლება დამარცხებულია.

გეგმა იცით, როგორი გაწერილი გვაქვს?! სტარტეგია გვაქვს შემუშავებული. გუშინ ქუთაისში ისეთი აქცია ჩაატარეს ახალგაზრდებმა, ამისთანაზე ვერც ვიოცნებებდით - სიტყვა „ოცნებაც" კი შეგვაძულეს. ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი, ყველა რაიონს, ყველა უბანს მოედება, „დაბოქლომდება" მთელი საქართველო. მერე რომ მივლენ და გადაჭრა დასჭირდებათ, სირცხილი არ იქნება?! სამშაბათს რომ სესიას ვერ ჩაატარებენ სპეცრაზმის გარეშე, სირცხვილი არ იქნება?! მსოფლიო მედია და დასავლური სამყარო რომ იტყვის, ვინ არის ეს უბედური ადამიანი, მშვიდობიან პროტესტს ასე რომ უპირისპირდებაო, არ იქნება სირცხვილი?! არ ჩამოშლის ეს ივანიშვილს?! - რა თქმა უნდა, ჩამოშლის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.