კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად 

კახა კალაძე: ყველაფერს ვაკეთებთ ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. კალაძის განაცხადებით, ყველას ვალია, თანადგომა გამოუცხადოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის, რაც შეიძლება, დროულად გათავისუფლდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება , რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა. ამ განცხადებას გაფრინდაშვილის შვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და რუს მფრინავებსაც მკურნალობდა.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს აშშ-ის საელჩომ  ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.