დავით ზალკალიანი: „მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით

დავით ზალკალიანი: „მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიზნით" 

„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება" - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით." - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე დაძაბულობის განმუხტვისა და შექმნილი ვითარების გადაჭრისათვის.