გია ნოდია: უხერხულია, ოპოზიციას უკიჟინო, უფრო კარგი გეგმა რატომ ვერ მოიფიქრეთო

გია ნოდია: უხერხულია, ოპოზიციას უკიჟინო, უფრო კარგი გეგმა რატომ ვერ მოიფიქრეთო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია სოციალურ ქსელში ოპოზიციის ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

მისი თქმით, როცა ვინმეს იდეები არ აქვს, ცოტა უხერხულია, ოპოზიციას ან საზოგადოებრივ აქტივისტებს უკიჟინოს, რომ იმათ უფრო კარგი გეგმა ვერ მოიფიქრეს.

“მხვდება პოსტები და კომენტარები, რომ საქართველოში ოპოზიცია სუსტია, რაც, კერძოდ, იმაში გამოიხატება, რომ ახლა კრიზისიდან გამოსვლის მკაფიო სტატეგია არა აქვს.

ზოგადად შემიძლია დავეთანხმო: კი ბატონო, ოპოზიცია არც ისე ძლიერია (თუმცა გააჩნია, რას ვადარებთ). ეს სისუსტე უშუალოდ გამომდინარეობს პოლიტიკური პარტიების სისუსტიდან. ამას თავის მხრივ ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარია საზოგადოების ელიტის დიდი ნაწილის კოხტაპრუწა-სნობისტური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკური პარტიის ინსტიტუტებისადმი, თავის მოწონება იმით, რომ „მე არც ერთი პარტია არ მომწონს“ („ჩემი ღირსი არც ერთი არაა.“)

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვითარებას, რომ ოპოზიციურ პარტიებს კრიზისიდან გამოსვლის გამოკვეთილი გეგმა არა აქვთ. შეიძლება ასე იყოს, მაგრამ კრიტიკოსებს რაიმე კონკრეტული შეთავაზებები აქვთ? ისინი რომ იყვნენ რომელიმე პარტიის ლიდერები, ან იმ საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერები, ვინც რეალურად უწევს ორგანიზებას ამ აქციებს - „სირცხვილია“, „შეცვალე“ – რას იზამდნენ? რა უნდა იყოს სწორი სტრატეგია?

ჩემი აზრით, თუ ასეთი იდეები არა გაქვს, ცოტა უხერხულია, ოპოზიციას ან საზოგადოებრივ აქტივისტებს უკიჟინო, რომ იმათ უფრო კარგი გეგმა ვერ მოიფიქრეს.

მეც არ ვიცი ზუსტად, რა უნდა გაკეთეს: ობიექტურად რთულ სიტუაციაში ვართ. ამიტომ ვერიდები ამ კონტექსტში ოპოზიციის კრიტიკას. თუმცა, კონკრეტული მოთხოვნები წამოყენებულია, საპროტესტო აქციები გრძელდება, არის მოწოდებების მეტი მხარდაჭერისკენ. ამ ეტაპზე ესაა სტრატეგია. ეს თუ არა, რა უნდა ვქნათ? თუ ეს არასწორია, ამის მაგივრად ვინ რას უნდა აკეთებდეს? არის კონკრეტული იდეები?

მაგალითად მე შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელ მიტინგზე იმის აკვიატება, რომ გინდა თუ არა, რუსთაველის პროსპექტი დღესვე გადაიკეტოს, და ამ მიზნით პოლიციელებთან ჭიდაობა იყო ტაქტიკური შეცდომა. თუ ყვირიხარ, “რუსთაველი დღეს აუცილებლად გადაიკეტება” და მერე ამას ვერ აღწევ, ესე იგი აგებ, თან რაღაც სისულელეზე.

მაგრამ ეს ტაქტიკაა. ალტერნატული სტრატეგიული იდეები, სამწუხაროდ, ამ წუთში არა მაქვს.

მოკლედ, „ოპოზიციის სისუსტე“ უბრალოდ სარკეა საზოგადოების სისუსტისა – რომელშიც პირველ რიგში შედიან ის ადამიანები, ვინც ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს მაგრამ პოზიტიურს არავის არაფერს სთვაზობს.” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

Maverick ნოდიას! „ოპოზიციის სისუსტე“ უბრალოდ სარკეა საზოგადოების სისუსტისა"- რომ კრიახობ, სიმართლეს არ შეესაბამება!
საზოგადოებას უბრალოდ შენ და შენი ნაცბოზბანდის გვერდში დგომის სურვილი არ აქვს!
4 წლის უკან
amo "მეც არ ვიცი ზუსტად, რა უნდა გაკეთეს: ობიექტურად რთულ სიტუაციაში ვართ." ოოო? მიხვდი? სხვები როდის მიხვდებიან? მაგალითად, ბოკერია, უგულავა, გვარამია, ვაშაძეები და ა.შ.
4 წლის უკან