სოსო არჩვაძე:  ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე,  ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე

სოსო არჩვაძე: ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე, ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ლარის კურსზე ზეგავლენაზე საუბრობს.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე სენსიტიური ეკონომიკური ინდიკატორი.

„არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი. მასში, როგორც ნერვთა დაბოლოებაში, თავს იყრის ყველა ის ქმედება და მოლოდინები, რაც საზოგადოებაში ღიად თუ ლატენტურად მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქმნის უარყოფით მოლოდინებს და ამ გზით ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე.

სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება და თითოეულმა პასუხისმგებლიანმა, ნებისმიერი პოზიციისა და სტატუსის მქონე პოლიტიკოსმა ეს უნდა გაითვალისწინოს.მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მოქმედება კურსის სტაბილიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა და მოცემულობაა. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური მოლოდინების გაჩენამდე, გარკვეულ პერიოდში კურსი დასტაბილურდა და გამყარებაც დაიწყო. სიმშვიდე, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო აუცილებელი პირობაა ლარის მდგრადობისა და გამყარებისთვის. შესაბამისად,დღესაც არსებობს ყველანაირი საფუძველი ლარის კურსის გამყარებისთვისშესაბამისი ბერკეტების გამოყენებით.

მრავლისმეტყველია, რომ დღეს უკვე, როცა სტაბილურობის კალაპოტს დაუბრუნდა ქვეყანაში ვითარება, ლარის კომერციული კურსი გამყარებისკენ წავიდა.

ქართული ანდაზა ამბობს, „შეძახილმა ხე გაახმოო“ და საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური კლიმატი და დემარშები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და იმავდროულად, სენსიტიური ინდიკატორის - ქართული ლარის კურსსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე“. - წერს სოსო არჩვაძე.