“არადა რამდენი იყო ჩასაფრებაში… – ღირსეული პროფესიონალი და საამაყო მინისტრი!”

“არადა რამდენი იყო ჩასაფრებაში… – ღირსეული პროფესიონალი და საამაყო მინისტრი!”

სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. აღნიშნულის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის მუშაობა ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე შეაფასა.

“კაცი! არადა რამდენი “ოცნების” მომხრეც კი ჩასაფრებაში იყო ვახოს შეშლოდა დღეს, მაგრამ ვერ მიართვეს! ღირსეული პროფესიონალი და საამაყო მინისტრი!” – წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რუსთაველის გამზირი გახსნილია და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილება. ბლოკირებული არაა არც პარლამენტის შესასვლელები. სპეცდანიშნულების რაზმის მიერ კარვების, ტომრებისა და კასრებისაგან რუსთაველის გამზირის გაწმინდის შემდეგ, აქციის წევრებმა პარლამენტთან 10-მდე კარავი მაინც გაშალეს.

“პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ბოლო მონაცემებით დაკავებულია 37 მოქალაქე და 6 კი დაშავებული.

18 ნოემბერს სპეცრაზმმა რუსთაველზე საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებისა და კარვებისგან გაწმინდა. სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თბილისის მერიის შესაბამისმა უწყებებმა აქციის დაშლამდე რამდენჯერმე გააფრთხილეს.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.