„ნიუ იორკ თაიმსი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მასალას უძღვნის

„ნიუ იორკ თაიმსი“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მასალას უძღვნის

საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს- ასეთი სათაურით წერს ამერიკული გამომცემლობა „ნიუ იორკ თაიმსი“ ქართველ ექიმზე.

“საქართველოს ორთოპედისტთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებმა ცხინვალში გადაიყვანეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ამტკიცებენ, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“ - წერს ამერიკული ცნობილი გაზეთი.

“ნიუ იორკ თაიმსი“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებს მსგავსი მიზეზით ხშირად აკავებენ, თუმცა ექიმი უფრო ცნობილი პიროვნებაა, რომლის კოლეგები აცხადებენ, რომ ექიმი პაციენტთან მისვლას ცდილობდა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ექიმი ოჯახს დროულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების გახსნა აშშ-მაც მოითხოვა. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანისსიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.