საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირინა აღნიშნავს, თავად ექიმი ხელს არ აწერს იმ დოკუმენტს, სადაც წერია რომ საზღვარი გადაკვეთა:
"მეგობრებო, გუშინ ვიყავით ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს. სამწუხაროდ, ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება შეუძლებელია და გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. გათავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა, პირობები ძალიან რთულია. მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და “საზღვარი” გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი. ჩართულია ასევე საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება. ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ თქვენგან, მიხარია და მეამაყებით. მეამაყება მამა!" - წერს სოციალურ ქსელში ირინა გაფრიდანშვილი.