ილია მეორემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ილია მეორემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმართავს.

პატრიარქის წერილში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო ყველა შეშფოთებულია.

ასევე, გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს.

"თქვენო უწმიდესობავ. მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს. ამ ფონზე, მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში სამი წლით ჯარის მეთაურების დასახმარებლად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები. რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გაგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას. ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში“, - წერია პატრიარქის წერილში.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.