გააჩნია, მეუფე პეტრე მომავალში რას გააკეთებს - ხორნაბუჯის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთაზე

გააჩნია, მეუფე პეტრე მომავალში რას გააკეთებს - ხორნაბუჯის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს შესაძლო განკვეთაზე

ვნახოთ, გააჩნია მეუფე პეტრე შემდეგ ნაბიჯებს რას გადადგამს, მომავალში რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს,- ამის შესახებ ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლოა, რომ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხი დადგეს.

მიტროპოლიტის თქმით, სინოდზე განსახილველ საკითხებზე ინფორმაცია არ აქვს. "ვნახოთ, გააჩნია შემდეგ ნაბიჯებს რას გადადგამს, მომავალში, რას გააკეთებს , რას მოიმოქმედებს. წინასწარ ძნელია ამაზე მსჯელობა, სინოდში 40 -ზე მეტი მღვდელმთავარია და ერთმა ადამიანმა წინასწარ განვსაზღვრო, რა იქნება სინოდზე, ცოტა რთულია. ტყუილი, რომ გითხრათ არ გინდათ, ხომ? პატრიარქი თვითონ იწვევს სინოდის სხდომას, ყოველთვის დეკემბრის ბოლოს 25-სკენ არის ხოლმე. ხვალინდელ დღეს იმდენი საზრუნავი აქვს , ხვალ გადავწყვეტთ რას გავაკეთებთ. არაფერს გამოვრიცხავ, ყველას შეუძლია თავის აზრი თქვას და შეიძლება მეუფე პეტრეს საკითხიც დადგეს",-განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა მეუფე პეტრე დაესწროს სინოდის სხდომას, მისი თქმით, მეუფე პეტრე სინოდის წევრი არ არის, თუმცა მასთან კონკრეტული კითხვები თუ იქნება, მოიწვევენ, თვითნებურად კი ვერ დაესწრება.