ნებისმიერ სისტემას დავუპირისპირდები, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ იმდენ ხმას აიღებს, როგორც დღესაა წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა განმარტა, მისთვის მიუღებელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს პარლამენტში, ვიდრე დღეს აქვს.
„თუ დავრწმუნდები, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ იმ გადაწყვეტილებას მივიღებ რისიც შინაგანად მწამს. მე მომხრე ვარ პროპორციული არჩევნების, მაგრამ ჩემთვის გამოირჩევა რისკები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია როცა პირობას აძლევ საზოგადოებას, რომ შენ გადადიხარ პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ყველამ უნდა ვიცოდეთ, ყველა პოლიტიკოსმა და მოქალაქემ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველამ ვიცით რეალობა თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. და ამ ძალის სათავეში არის ადამიანი, რომელიც ისევ ძალადობაზე და წართმევაზე მიუთითებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.