პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება, პოლიტიკური პარტია იმ დეპუტატებთან ერთად შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, “ქართული ოცნება“ გარიცხავს. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, ოქრიაშვილის ახალი პარტია, სავარაუდოდ, ალიანსში “ქართულ ოცნებასთან“ შევა.
“პარლამენტში განვითარებულ პროცესებს ორი მიზანი აქვს: პირველი, იქმნება პლათფორმა ოქრიაშვილისთვის ახლი პარტიის შექმნის მიზნით. მერე, ბიძინა ივანიშვილის იმიჯი საკმაოდ შელახულია და ის ამ პროცესების ფონზე, მოგვევლინება დემოკრატიის გარანტად და სიტყვის კაცად.
ის დეპუტატები, რომლებსაც “ქართული ოცნებიდან“ გარიცხავენ, შესაძლოა, ოქრიაშვილის პარტიაში ვიხილოთ. საბოლოო ჯამში, ოქრიაშვილის პარტია უნდა გახდეს ის სატელიტი ძალა, რომელთან ერთადაც “ქართული ოცნება“ კოალიციას შექმნის. ეს არის ჩემი ვარაუდი და შეთქმულების ერთ-ერთი თეორია, რომელიც შესაძლოა, რეალობად იქცეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი, მათ შორის, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და დაჩი ბერაია საკუთარ საკანონმდებლო ნიციატივის დაკანონებას, რომელიც პროპორცულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ნულპროცენტიანი (ბუნებრივი ) ბარიერის პირობებში გულისხმობს, ეწინააღმდეგებიან, რაც ექსპერტების ნაწილში “ოცნების შეთქმულების თეორიად“ ფასდება.