ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს, ვინ გაიმეტა სადისტური მკვლელობისთვის ნოდარ ცხადაძე?!

ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს, ვინ გაიმეტა სადისტური მკვლელობისთვის ნოდარ ცხადაძე?!

ამ დრომდე უცნობია, ვინ და რატომ მოკლა 36 წლის ნოდარ ცხადაძე. მისი ცხედარი გუშინ გვიან ღამით, ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს.

"ნოდარი მხიარული, ენერგიული და მშრომელი ბიჭი იყო. აქ მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ვინ გაიმეტა ასეთი სადისტური მკვლელობისთვის, ამბობენ, რომ ბიჭის სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს. ყველგან ეძებდნენ ეს დღეები, იციან რომ მეგობარ კვიციანთან ერთად იყო, მაგრამ მერე რა მოხდა, არავინ იცის. დაურეკეს ოჯახის წევრებს, რომ ცხედარი იყო ნაპოვნი. დაიბარეს პოლიციაში და მერე ამოსაცნობად წაიყვანეს. განადგურებულები არიან და ჩვენც, მეზობლები განვიცდით მომხდარს. ძალიან კარგი, მშრომელი ოჯახი აქვთ. იმედია, ყველაფერი გაირკვევა, დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს რას უშველის ნოდარს და მის გამწარებულ ოჯახს", - გვითხრა ცხადაძეების მეზობელმა.

როგორც ირკვევა, ნოდარი სადისტურად არის მოკლული, მას ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე 14 ჭრილობა აქვს მიყენებული. ექსპერტებმა მისი სხეულიდან 8 ტყვია ამოიღეს და გაირკვევა, რა იარაღიდან გასროლით მოკლეს ახალგაზრდა მამაკაცი.

სამართალდამცავებმა 12 ნოემბერს ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული იპოვეს. ერთი ვერსიით, ნოდარი თბილისის ზღვაზე საქმის გასარჩევად აიყვანეს, რასაც მკვლელობა მოჰყვა. მეორე ვერსიით კი, მოკლულის ცხედარი შემდეგ აიტანა დამნაშავემ თბილისის ზღვაზე და იქ დატოვა.

შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი დღე მუშაობდნენ სამართალდამცავები და მათ იმის გარკვევა არ გაუჭირდებათ დანაშაული იქ არის ჩადენილი, თუ არა.

ამ დრომდე ეძებენ ბექა კვიციანს, თუმცა ჯერჯერობით მის კვალს ვერსად მიაგნეს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მეგობრებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ შორის არსებულ კონფლიქტზე არაფერი იციან, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ რომ მკვლელობა ბექა კვიციანს ჩაედენა ან ამ დანაშაულში იყოს გარეული.

რატომ უნდა მოეკლა ბექა კვიციანს უახლოესი მეგობარი, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ მოკლულის ახლობლებს.

ერთ-ერთი ვერსიით, მათ შორის დაპირისპირება არსებობდა. ბექა ბიზნესში ჩართულ მეგობარს ე.წ. ობშიაკის ფულის გადახდას სთხოვდა და შესაძლოა ეს გახდა ამ დანაშაულის მიზეზიც. რამდენად არის ეს ვერსია სარწმუნო და არის თუ არა ამ სასტიკი მკვლელობის ჩამდენი ბექა კვიციანი, ეს სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ. ამ დრომდე მომხდარზე განმარტებას პოლიცია არ აკეთებს.

დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.