„თუ ხვალ 12 საათზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება...“ - ფოფხაძე „ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

„თუ ხვალ 12 საათზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება...“ - ფოფხაძე „ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს

„თუ ეს „ქართული ოცნების"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, ჩვენ რამდენი ხმითაც არ უნდა წავეშველოთ ოპოზიციიდან, მათ აქვთ იმისი რესურსი, რომ ჩააგდონ“, - ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტზე კენჭისყრის უკვე მეორედ გადადებას.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ინტერესშია.

„ვფიქრობ, რომ ასეთ სცენარზე ნამდვილად არავინ არ ფიქრობდა, თან ოპოზიციაც საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა არა მგონია, რომ მხოლოდ ოპოზიციის ინტერესი იყოს, ეს პირველ რიგში ხალხის ინტერესშია, ქვეყნის პოლიტიკური დემოკრატიული განვითარების და სტაბილური გარემოს ინტერესია.

„თუ ხვალ 12 საათზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, მიმაჩნია, რომ საკმაო პოლიტიკური გამოცდილება გვაქვს იმისათვის, რომ ადეკვატურად ვიმოქმედოთ და ხელისუფლებას არ მოვაპარინოთ ეს სახალხო ინტერესი.

„პოლიტიკაში ასეთი უპრეცედენტო ტყუილი მე არ მსმენია - რომ ასეთი საჯარო დაპირების მერე ხელისუფლებას ასე უპირობოდ შეეცვალოს ვითარება და შემდეგ დაწყებულიყო ვაჭრობა იმაზე, რომ შეასრულებენ ამ პირობას თუ არა. მე მსგავსი რამ არ მახსენდება.. საჯარო დაპირება, სამოქალაქო კოდექსით, იწვევს ვალდებულებას და ამ ადამიანებს ხომ უნდა დაეკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა...

„მგონია, რომ „ოცნება" თავს ძალიან დაიზარალებს, თუ ხვალ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მივა. ეს აბსოლუტურად უმრავლესობაზეა დამოკიდებული. ამ პროექტზე უმრავლესობის 93 წევრს აქვს ხელი მოწერილი და ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებიდან ძალიან ბევრი ხმას არ აძლევს იმას, რასაც თვითონ გაუკეთეს ინიცირება.

„თუ ეს „ქართული ოცნების"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, ჩვენ რამდენი ხმითაც არ უნდა წავეშველოთ ოპოზიციიდან, მათ აქვთ იმისი რესურსი, რომ ჩააგდონ და თუ ისინი მიხვდებიან იმის ფასს, რომ ამის ჩაგდების მერე „ოცნება" როგორც პოლიტიკური ძალა მთავრდება, ნდობა და მისი ლეგიტიმაცია ნულდება... თუ ისინი ამას ვერ ხვდებიან, ეს უკვე მათი პრობლემაა", - აცხადებს ფოფხაძე.

მისივე აზრით, მის გუნდში და ზოგადად ოპოზიციაში რაიმე სამოქმედო გეგმა არაა, რადგან პროცესები ჯერ მხოლოდ ორი დღეა მიმდინარეობს და ასეთ სცენარს არავინ ელოდა.

„ჯერ უნდა გაერკვიათ გუნდის შიგნით იყო თუ არა ამ დაპირების რესურსი და შემდეგ უნდა გაეცათ ეს დაპირება, თორემ ოპოზიციაში ხმის მიცემის წინააღმდეგი არავინ არაა და თუ მაინც არ უნდათ რომ განხორციელდეს, ეს ერთადერთ დასკვნის საფუძველს იძლევა - რომ მათ გადათვალეს, დაინახეს, რომ მაჟრიტარების გარეშე არჩევნებს აგებენ, არჩევნების წაგება არ უნდათ და ამიტომაც აჩერებენ პოლიტიკურ პროცესს. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მაჟორიტარობის პირობებშიც არჩევნებს წააგებენ.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რას გავაკეთებთ. ეს სპექტაკლი ჯერ ორი დღეა მიმდინარეობს. ჩვენ ერთმანეთში ჩამოვყალიბდებით, ჩვენს პოზიციებს შევაჯერებთ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ", -განაცხადა ფოფხაძემ.