ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ოცნებაში“ მეამბოხე დეპუტატების რაოდენობა განახევრდა

ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ „ოცნებაში“ მეამბოხე დეპუტატების რაოდენობა განახევრდა

ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლეოსბის შეხვედრის შედეგად გაირკვა, მმართველ პარტიაში იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადასვლას ეწინააღმდეგებიან, დაახლოებით 20-ის ფარგლებშია. ამის შესახებ „ოცნების“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომელიც მანამდე ერთი დღით ადრე „მეამბოხეთა“ განსხვავებულ ციფრს (40-მდე დეპუტატი) ასახელებდა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ოცნებაში" ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეთა გააქტიურებას პოლიტიკურ ვაჭრობას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ამბოხის დაშვებული ნორმაა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე აწესებს.

ოქრიაშვილი დეპუტატთა გარკვეულ ჯგუფზე, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის მცდელობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე იყო, რადგან ის უფრო მეტად აქტიურობდა. როგორც უმრავლესობის მაჟორიტარი აღნიშნავს, რადგან უშუალოდ პარტიის წევრი არ არის, მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

ხუხაშვილი „ოცნების" ერთგვარ ამბოხს უნიკალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით კონსენსუსს მიაღწია, თუმცა ხელისუფლება თავისივე ინიციატივაზე უარს აცხადებს:

„უნიკალური შემთხვევა მივიღეთ, როდესაც უმრავლესობის ინიცირებულ კანონპროექტს მთელმა ოპოზიციამ დაუჭირა მხარი. ამ დროს ხელისუფლება იწყებს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტზე აბსოლუტურად გაუგებარ, უხარისხო და მდაბიო თამაშს და ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ თავისი სიტყვის პატრონი არ არის.

პრობლემა მაჟორიტარულ სისტემაში კი არ არის, პრობლემა ამ ადამიანებშია, რადგან მათ მოახერხეს მაჟორიტარის ინსიტუტის დისკრედიტირება. ეს არის კიდევ ერთი ვირეშმაკობა, როდესაც ის (ოქრიაშვილი) საუბრობს პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლაზე, მან ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ გაბრაზდება. ეს არის ზემოდან დაშვებული ამბოხი. ოქრიაშვილი რას თამაშობს და რას ვაჭრობს, ეს არ არის საინტერესო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკების და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, 12 ნოემბერს მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონდებლო ცვლილებების განხილვა დღეს გრძელდება. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც არ დაუჭერს მხარს, შესაძლოა მორიგი საპროტესტო ტალღა აგორდეს.