ბობოხიძეს მაჟორიტარების ბუნტის არ სჯერა

ბობოხიძეს მაჟორიტარების ბუნტის არ სჯერა

“მაჟორიტარების ბუნტის არ მჯერა, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე.

მისივე თქმით, მას არავინ ეგულება  მაჟორიტარებში ისეთი, ვინც ხელისუფლების დახმარების გარეშე შეძლებს და მოიგებს არჩევნებს.

„არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გარეშე, მომავალში შეძლებს არჩევნების მოგებას. ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ამიტომ მათი ბუნტი ან არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ სამწუხაროდ, შეიძლება დღესაც დავდგეთ იგივე ფაქტის წინაშე“, - აცხადებს ბობოხიძე.

შეგახსენებთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუშინ, საქართველოს პარლამენტში, ხმაურიანი სხდომა მიმდინარეობდა. უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც კანონპროექტი გუშინვე ვერ დააყენეს კენჭისყრაზე. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გრძელდება. დღესვე უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილი შეხვდა და გარიცხვით დაემუქრა, თუ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.