ნუ დავიწყებთ იმის დათვლას, 15-ია, 17 თუ 12 პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატი. მათ აქვთ თავისი არგუმენტები და ცალკე აღებული შესაძლებელია, რომ მყარი არგუმენტებიც იყოს, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა და აღნიშნულ მოსაზრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა.
„ყველაზე მყარი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ ამის შესახებ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ პროპორციული სისტემის რისკებიც ვიცით და უპირატესობებიც და ამ უპირატესობების გამო, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ, აბსოლუტურად სწორი იყო როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე უმრავლესობის უმრავლესობის პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, არიან თუ არა მზად იმისთვის, რომ მმართველი პარტია რამდენიმე წევრმა დატოვოს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულმა დეპუტატებმა მასთან პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ თუ გუნდი მათი პოზიციისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი მანდატებს არ დათმობენ.
„მე როგორც ვიცი, დიმიტრი ხუნდაძეს და ირაკლი შიოლაშვილს, რომლებმაც გუშინ ასეთი განცხადებები გააკეთეს, არ უთქვამთ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან გასვლის შესახებო. მე ვიცი მათი პოზიცია, მათთან ნასაუბრები ვარ და ისინი ამბობენ, რომ თუ ვინმე აიძულებს მათ ან დააძალებს, რომ მიიღონ სხვა გადაწყვეტილება, ვიდრე მათ უნდათ, ამ შემთხვევაში, ისინი მზად არიან, დატოვონ მანდატი. მაგრამ თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს გუნდი, ამ შემთხვევაში ისინი მანდატს არ ტოვებენ. მე ეს პირად საუბარშიც დავაკონკრეტებინე. არავინ არავის არ აძალებს არაფერს. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ამასთანავე განმარტა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მხარის დაჭერა მათი პირადი პოლიტიკური ნების გამოხატულება იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქტივობებს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია.