კომბლეებმა ფაქტობრივად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” აბსოლუტური სიმართლეა

კომბლეებმა ფაქტობრივად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” აბსოლუტური სიმართლეა

კინოკრიტიკოს გოგი გვახარიას შეფასება ფილმზე |და ჩვენ ვიცეკვეთ” – და საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე.

” შემხვდა მოსაზრება, რომ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ცეკვა მხოლოდ ფონი და დეკორაციაა. არადა მაგ ფილმის მთავარი ღირსება ”მიზეზ-შედეგობრივი კავშირია” და ფილმის ფინალურ ეპიზოდში, მერაბის ცეკვა ავტორის მთავარ სათქმელს გამოხატავს.

ინგა გრიგოლიას გადაცემაში სანდრო ბრეგაძემ ვიქტორინა მოუწყო წამყვანს და იაგო ხვიჩიას, აბა მითხარით, რა არის ვაჟკაცობაო, გეიები ომში არ მიდიანო და ა.შ

მაგ სცენაში რასაც მერაბი აკეთებს არის სწორედ ომში წასვლა და ვაჟკაცობა. ჩემი აზრით, ყველაზე ძნელი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს არის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მთავარი საკუთრება არც შენი სახლი, არც შენი ოჯახი, ქონება და რა ვიცი კიდევ რა, მთავარი საკუთრება

შენი ცხოვრებაა, შენი უნიკალურობა, რომელიც ღმერთმა თუ ბუნებამ გაჩუქა და რომელსაც პატარა ადამიანები, დამფრთხალები და შეშინებულები, ყველა მხრიდან ებრძვიან -მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც. მერაბი ამ ცეკვაში (მარის მხარდაჭერით და სოლიდარობით) მთავარ წინააღმდეგობას გადალახავს და თავაწეული იმარჯვებს იმათზე (და იმაზე) ვინც ამის საშუალებას არ აძლევდა. ქართულ ცეკვაში (ალბათ სხვა ხალხის ცეკვებშიც) მართლაც არის ეს თემა – გადალახვის, განთავისუფლების, ხელახლა დაბადების თემა, რომელიც შესანიშნავად ჯდება ფილმის სიუჟეტში

ლევან აკინის ფილმს არერთი ნაკლი აქვს. ვფიქრობ უფრო სოლიდური ბიუჯეტით უფრო მეტის თქმა იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ როდესაც ბნელეთთან გაქვს საქმე, როდესაც ქორეოგრაფიც კი გთხოვს მისი გვარი ტიტრებში არ ახსენონ, რადგან ეშინია უსიამოვნებების, ჭირს იმაზე უკეთესის გაკეთება, რაც გაკეთდა.

ახლა როდესაც ფილმის არალეგალური ვერსია გავრცელდა ნეტში, კინოთეატრებში აკინის ფილმს მაყურებელი მოაკლდება და ამან შეიძლება მართლა იმოქმედოს მის შემდგომ ბედზე. მაგრამ არა მგონია მნიშვნელოვანი იყოს ეს ამბავი. წარმატება უკვე მიღწეულია. ფილმის ავტორმა დაგვანახა, რომ ის, რაც ხდება ეკრანზე, ხდება ქუჩაშიც. კომბლეებმა ფაქტობრივად დაუმტკიცეს მაყურებელს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ ფილმში ”და ჩვენ ვიცეკვეთ” აბსოლუტური სიმართლეა.

ახლა მაინტერესებს არა ამ ფილმის მომავალი, არამედ ის, თუ რას გადაიღებს ლევან აკინი ხვალ. შეძლებს თუ არა იმ სიმაღლის შენარჩუნებას, რომელიც დაიპყრო ამ ფილმში”– წერს გოგი გვახარია ფეისბუქში.

სოციალისტი ჰომოფაშისტი!!!
4 წლის უკან