ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის ქუჩაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდა. ასევე, მოეწყო გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლა, რულონური ბალახი დაიგო და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, რიმა ბერაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.
„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და უკანონოდ შემოფარგლული იყო. მოსახლეობასთან თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე ლამაზი, გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოგვეწყო“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუღურეთის გამგეობამ კიდევ ერთი სკვერი მოაწყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სივრცე გაერთიანდა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა უკვე მრავალფუნქციური, თანამედროვე რეკრეაციული სივრცით სარგებლობს.