ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოთხ გამომცემლობას: ,,სეზანს”, ,,კლიოს”, ,,საგასა” და „აგორას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გამომცემლობების წარმომადგენლებმა მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ ბიბლიოთეკაში გაიმართა ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი’’ პრეზენტაცია.
გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობებს შორის მომავალში ინტენსიური თანამშრომლობაა დაგეგმილი, რაც ურთიერთსასარგებლო იქნება.
თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში. ამასთან, თსუ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესავსებად, თსუ გამომცემლებისგან საჩუქრად იღებს ახალგამოცემულ წიგნებს.
ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი’“ მთარგმნელისა და გამომცემლობა „აგორას“ ხელმძღვანელის მარინა ბალავაძის თქმით, „მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გამომცემლობისთვის, წიგნები ახალგაზრდების ფართო მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შეეძლებათ მოვიდნენ, ადგილზე წაიკითხონ, გაეცნონ და მეტი ინტერესი გაუჩნდეთ ჩვენი წიგნებისადმი, შემდეგ უკვე წიგნის ფესტივალზე მოგვაკითხონ.“
„მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს არ აქვს წიგნების შეძენის საშუალება, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ინიციატივები,"-განაცხადა გამომცემლობა „სეზანის“ წარმომადგენელმა ირინა შავერდაშვილმა.
თსუ ბიბლიოთეკას, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო ლიტერატურა გადაეცა გამომცემლობა „კლიოსგან.“ გამომცემლობის რედაქტორის ელენე მეძმარიაშვილის თქმით, „ეს წიგნები გამოადგება ყველას, როგორც სტუდენტს, ისე პროფესურას. ისინი საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში და ეხება საკითხებს, რომლებიც მანამდე არ იყო გაშუქებული ჩვენს სამეცნიერო სივრცეში.“
როგორც გამომცემლობა „საგას“ დირექტორი თამარ ნაჭყებია აცხადებს, გამომცემლობის წიგნები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება თსუ ბიბლიოთეკაში სპეციალურად განთავსებულ სტენდზე.
თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი.