მეუფე იობის ეპარქია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ეხმიანება

მეუფე იობის ეპარქია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ეხმიანება

რუის-ურბნისის ეპარქია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას ეხმაურება.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი მეუფე იობის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გაჟღერდა, თუმცა როგორც მეუფე იობი ამბობს, მას მსგავსი სიტყვები არ უთქვამს.


„რუის-ურბნისის ეპარქიის სახელით, გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“, სამი ნოემბრის „მთავარი აქცენტების“ გადაცემას. აღნიშნულ გადაცემაში, კვირას, სამ ნოემბერს, სხვა მღვდელმთსახურთა შორის, რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობისადმი (აქიაშვილი) მიმართული ცილისმწამებლური განცხადება გაჟღერდა. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, „ჟურნალ ქვაკუთხედის“ რედაქტორის, ხათუნა საგინაშვილის აზრი, რომ „რუსული ბომბები არის მარწუხები, ქართველი ხალხისთვის ღვთის მიერ მოვლენილი“ - მიტროპოლიტ იობის თვალსაზრისად გამოაცხადა. ცნობილია, რომ „ჟურნალი ქვაკუთხედი“, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გამოიცა, თუმცაკი რედაქტორი საკუთარ თვალსაზრისს სრულიად დამოუკიდებლად გამოხატავდა. ხსენებული თვალსაზრისი ქალბატონმა ხათუნა საგინაშვილმა ე. წ. „რედაქტორის გვერდზე“ გამოთქვა. ამ ფაქტის შესახებ, მეუფე იობმა სხვადასხვა დროს განაცხადა, თავის ქადაგებასა თუ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებში: „მე, „ჟურნალ ქვაკუთხედის“ რედაქტორს, კურთხევა სასულიერო თემატიკასთან დაკავშირებით მივეცი. ჟურნალში განთავსებულ ტექსტების შინაარსს მე არავინ მითანხმებს, ვერც შევძლებ მათ გაცნობას... ესაა მისი, როგორც რედაქტორის პირადი მოსაზრება და პოზიცია. მას აქვს „რედაქტორის გვერდი“, სადაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თავის პირად დამოკიდებულებას გამოთქვამს. კიდევ ერთხელ გიცხადებთ, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის და მსგავსი რამ არ მითქვამს“.


„მთავარი აქცენტების“ კვირის გადაცემაში, შვიდკაციანი ჯგუფი, მთავარ თემად განიხილავდა, ეპისკოპოსების რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. რომლის საპასუხოდაც მოგვყავს, მიტროპოლიტ იობის სიტყვები, რომელიც მან სატელევიზიო ინტერვიუში წარმოთქვა: „ყოველმა ქართველმა იცის, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა. რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო“ (ლევან ჩხაიძის გადაცემა „დღის ამბები“ -„ სრული სიმართლე“)“- ნათქვამია განცხადებაში.