საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, რომლებიც 20-21 ივნისს პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის პროცესის უკან იდგნენ. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვერანაირი განცხადებები პატრიარქსა და ეკლესიას ვერ შეასუსტებს.
„პატრიარქსა და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით. გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და მისი ინტერესების დაზიანება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის პროცესის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს. ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები, თუ განსხვავებული რაკურსების გამოკვეთა ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს, ეს არის ცალსახა", - განაცხადა თალაკვაძემ. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას,
მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, თალაკვაძე ასე პასუხობს: „პირიქით, მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლებისა და ხალხის ძლიერი მხარდაჭერა. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რაც მის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა და მათ უარყვეს ასეთი მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრის შესახებ".