ბექა ნაცვლიშვილი: საქართველოში მინიმალური, დარიცხული ხელფასი 500 ლარი უნდა იყოს

ბექა ნაცვლიშვილი: საქართველოში მინიმალური, დარიცხული ხელფასი 500 ლარი უნდა იყოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში მინიმალური, დარიცხული ხელფასი 500, ხოლო ხელზე ასაღები 400 ლარი უნდა იყოს. ნაცვლიშვილის თქმით, დღეს საქართველოში 229 ათასი ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

"კანონპროექტის გათვალისწინებით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა იყოს, რომელიც დღეს, 380 ლარს შეადგენს. მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი უნდა იყოს, ხელზე ასაღები 400, რაც საშუალო ხელფასის 45 პროცენტს წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, მინიმუმ 229 ათასი ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარის დადგენა მოხდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდას", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რომელიც მინიმალური ხელფასის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება.