ბიძინა ივანიშვილი:  წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი

ბიძინა ივანიშვილი:  წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი

წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ" ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და  ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ  რეგიონის გამოცოცხლებას, მეტი ბიძგი სჭირდება

„წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი" - ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

„მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ" ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და  ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და  ტურისტების მოზიდვას" - ნათქვამია განცხადებაში.