პოლიტილოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც იღებდა მონაწილეობას. როგორც ძაბირაძემ “2020NEWS“-თან საუბარში განაცხადა, თუ მეუფე იაკობი თანხმდებობდა, რომ მეუფე შიო გამხდარიყო პატრიარქი, მაშინ შეხვედრაზე მან სხვა სარგებელი ნახა.
“ჩემთვის მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები ცოტა უცნაური და ცოტა გაუგებარიცაა. უცნაური იმიტომ რომ, გამოდის მეუფე თავად ღებულობდა მონაწილეობას პატრიარქის მიმართ შეთქმულებაში. აქ საინტერესო ის არის, რომ ამ შეხვედრის შესახებ, როგორც ჩანს, სინოდმა ახლა გაიგო. თუმცა, პატრიარქი იყო თუ არა საქმის კურსში, საკითხავი ესაა. რადგან ის შეხვედრა პირდაპირ მას ეხებოდა. სხვა თემა არის, თუ ამ საუბრის შემდეგ პატრიარქმა იცოდა, რაზე იყო ლაპარაკი. როგორც ჩანს, იქ იყო კიდევ დაპირებები. თუ მეუფე იაკობი პრეტენზიებს აცხადებდა პატრიარქობაზე, მაშინ მასთან რატომ იქნებოდა საუბარი, რომ პატრიარქი მეუფე შიო უნდა გახდეს? - ეს ცოტა ალოგიკურია. თუ ის თანხმდებოდა, რომ მეუფე შიო გამხდარიყო პატრიარქი, მაშინ ის რაღაც სარგებელს ღებულობდა. იერარქიაში ცუდად ვერკვევი. მესმის, რომ მას პრეტენზია ჰქონოდა პატრიარქობაზე, მაგრამ კიდევ სხვა რაზე ჰქონოდა პრეტენზია, უბრალოდ არ ვიცი. მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. უბრალოდ, ვსაუბრობ ლოგიკიდან გამომდინარე, რა შეიძლება ყოფილიყო“, - განუცხადა ძაბირაძემ “2020NEWS“-ს.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის მხრიდან ქორეპისკოპისის თანამდებობიდან წასვლა, ახლა მისგან ყველაზე მართებული ნაბიჯია. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, მეუფე იაკობს ახლა მეტი ვალდებულება აქვს, რომ შეხვედრის დეტალებზე ისაუბროს.
“სანამ ქორეპისკოპოსი იყო, მაშინ დაიწყო საუბარი და ახლა მითუმეტეს, უნდა ილაპარაკოს. გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს, რომ მეტად ილაპარაკოს. იმ განცხადებების შემდეგ, ძალიან სწორი ნაბიჯი გადაუდგამს. მისი მხრიდან ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი“, - განუცხადა სააგენტოს ძაბირაძემ.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, საპატრიარქოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, სააპრიარქოს რეიტინგს საზოგადოებაში საგრძნობლად დაწევს.
“ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან საპატრიარქო 30 წლის განმავლობაში, საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა არამარტო დამოუკიდებლობას, არამედ კეთილგანწყობასაც. ბოლო 2-3 წელია ყველა მხრიდან საპატრიარქოს დისკრედიტირება მიდის. საქმე მარტო პატრიარქს არ ეხება, საქმე ეხება მთლიანად ინსტიტუტს და ჩვენ შეიძლება აღვმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არ იქნება არც ერთი ინსტიტუტი, რომელის მიმართაც მოსახლეობას სიმპათია ექნება. შეიძლება მომანტალურად არ მოჰყვეს რეიტინგის დაცემა, მაგრამ საპატრიარქო აუცილებლად ნელ-ნელა რეიტინგს დაკარგავს. ახლა უნდა დავაკვირდეთ, პროცესები რამდენად შორს წავა. ფაქტი, ერთია - დღეს რაც საპატრიარქოში ხდება, არასასიამოვნოა“, - განუცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „2020NEWS“-ს.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებოდნენ.