სად გაემგზავრა პატრიარქი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ

სად გაემგზავრა პატრიარქი მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ

გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უკვე ყოფილ ქორეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოდან ბობოყვათის რეზიდენციაში გაემგზავრა.

სავარაუდოდ, პატრიარქს ბობოყვათის რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი მოინახულებს. უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა სხვა სასულიერო პირებთან.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის შემდეგ, რაც მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადებები გააჟღერა, საპატრიარქოში დღეს მივიდა და პატრიარქს შეხვდა. მან უწმინდესს თანამდებობიდან წასვლის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რაც პატრიარქმა დააკმაყოფილა.

შეხვედრიდან გამოსულმა მეუფე იაკობმა განაცხდა, რომ გადადგა ქორეპისკოპოსისა და საფინანსო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან.

პატრიარქმა ტერიტორია მეუფეს გამოსვლამდე დატოვა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში სკანდალური განცხადებები გააკეთა.

ქორეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

დღეს, მეუფე იაკობისა და პატრიარქის შეხვედრის შემდეგ ცნობილოი გახდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ინტერვიუ პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა და თეოლოგებმა შეაფასეს.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.