"ბოკერიამ იცის, თუ "გაერთიანებულ ოპოზიციას" ხმებს არ მოპარავს, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, პარლამენტში ვერ შევა"

"ბოკერიამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ "გაერთიანებულ ოპოზიციას" ხმებს არ მოპარავს, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, პარლამენტში ვერ შევა. ივანიშვილი კი ყოველთვის ეშმაკურად ფიქრობს და სერიოზულად დაიწყო ძებნა, რომელ ძალას გაურიგდეს, მანამდე კი ნელ-ნელა შეგვაჩვევენ თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ," - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკივანი პარალამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის მოსაზრებას, რომელიც კოალიციური მთავრობის პირობებში შესაძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას როგორც "ევროპულ საქართველოსთან" ისე სხვა პარტიებთან, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა".

"სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერცერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით. შესაბამისად აუცილებელი გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება" - აცხადებს ჩუგოშვილი და ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომებს "ოცნება", დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის "სრულიად დესტრუქციული, გარკვეულწილად რადიკალური ძალა". რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ შორის "ევროპულ საქართველოს" - "არ ვიცი, შესაძლა, სავარაუდოდ".

"თუ რამეს ვამბობ, ყოველთვის მაქვს უტუყუარი ინფორმაცია, ამიტომ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ პოლიტიკურ გარიგებებზე. ეს იყო ზაფხულის პერიოდში, ივნისში, მქონდა ინფორმაცია, რომ ბოკერია კეზერაშივილთან ერთად შეხვდა ივანიშვილს. ბოკერიამ ძალიან კარგად იცის, რომ დამოუკიდებლად ხმებს ვერასდროს ვერ მიიღებს, ეს ის ძალაა, რომელიც ხალხს არ ეპიტნავება. ისიც იცის, თუ "გაერთიანებულ ოპოზიციას" ხმებს არ მოპარავს, რაც ერთხელ უკვე გააკეთა, პარლამენტში ვერ შევა. ამიტომ ალბათ მიიღო შეთავაზება. ბოკერიას უყვარს მსხვილი შეთავაზებები, დიდი სურვილებიც აქვს, მაგრამ როგორ გამოსდის, ეს სხვა საქმეა.

"ბიძინა ივანიშივილი, რომელიც ყოველთვის ჭკვიანურად ფიქრობს, რა თქმა უნდა სათავისოდ, პოლიტიკურ ძალებს ეძებს, რომელებთან ერთადაც ჩარჩება კოალიციაში, რადგან კარგად იცის, რომ ხელისუფლებიდან სულ წასვლა მისთვის კატასტროფაა. ასე რომ, კოალიციური თამაშები და გარიგებები უკვე დაიწყო და თან ნელა-ნელა შეგვაჩვევენ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ.

"გამორიცხულია და 1000%-ით ვიცი, რომ "გაერთიანებული ოპოზიცია" "ოცნებასთან" არ ითანამშრომლებს, ამას წყალი არ გაუვა. ეს არის ერთადერთი ძალა, რომელმაც "ოცნება" დაანგრია და მისი ერთადერთი კონკურენტია. მომავალ არჩევნებში "გაერთიანებული ოპოზიცია" ერთიანი სახელით გამოვა - ეს არის "ძალა ერთობაშია". ეს უკვე შეთანხმებულია. ამიტომ ყველას მინდა დავპირდე, რომ ასეთი თამაშები აღარ გამოუვათ," - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.