საეკლესიო პრობლემებს სინოდის მოწვევა სჭირდება, რაც არ მომხდარა - ასე ეხმაურება, დეკანოზ ანდრია სალია, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, სასულიერო პირის მხრიდან ასეთი ლექსიკით საუბარი მიუღებელია.
„სასულიერო პირი არ უნდა საუბრობდეს ამ ლექსიკით, ამ ფორმით, ხოლო შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ციანიდის საქმიდან გამომდინარე განხილვა და განსჯა. თუ საეკლესიო, ანუ სინოდის კრებაზე არ იქნა საბოლოოდ შეფასებული, უფრო სავალალო შედეგამდე მივალთ. პირველ რიგში არათუ თავის არიდებას უნდა ცდილობდეს საპატრიარქოს ადმინისტრაცია და გარეთ ტელევიზიებში ღიად სხვადასხვა პიროვნების გამოგზავნას, თავის ასე ვთქვათ შენარჩუნება-შენახვას, არამედ ღიადვე დაფიქსირებას, რომ არსებობს პრობლემები და ამ პრობლემებს სჭირდება შიგნითვე განსჯა, საბოლოო წერტილის დასმა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, საეკლესიო პრობლემებს სინოდის მოწვევა სჭირდება, რაც არ მომხდარა",- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია სალიამ.
რაც შეეხება წმინდა სინოდის მოწვევის საკითხს, დეკანოზი ანდრია სალია აცხადებს, რომ ამის სურვილი მღვდელმთავრებს აქვთ, თუმცა საპატრიაქო დუმს.
"თქვენ ხედავთ, რომ ყველა მღდელმთავარს სურს, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობდეს, ეს თემა განიხილებოდეს შიგნით სინოდში, მაგრამ დუმს საპატრიარქო, დუმს სინოდის თავმჯდომარე, დუმან ის პირები, ვინც ამ შემთხვევაში ხელმწიფების ქვეშ არიან სინოდის მოწვევისა. სხვებზე დაბრალება გამიჭირდება, რადგან მათ ინტერესებში მაშინ არ უნდა შედიოდეს სინოდის მოწევა. ვინც მთავარი მოტივატორია, როდესაც არ აკეთებს და არ აფიქსირებს აზრსა და თარიღს ამ შემთხვევაში მოწვევისა, შეუძლებელია სხვა ვინმეს დავაბრალოთ" ,- განაცხადა დეკანოზმა ანდრია სალიამ.