ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ქართული პოლიტიკური ლექსიკა დასავლურს ძალიან ჩამორჩება.
„ქართულ პოლიტიკაში არ ესმით, რომ არ შეიძლება ადამიანს გიჟი დაუძახო. ბატონ ემზარ კვიციანს უყვარს ხოლმე ხანდახან შეძახება - „ეს გიჟია“. საერთოდ პოლიტიკური ლექსიკა, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალიან ჩამორჩება დასავლურს. დისკრიმინაციული ენის გამოყენების ერთ-ერთი ფორმაა სამედიცინო დიაგნოზით ადამიანებისადმი მიმართვა და გვახსოვს, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუნი უწოდა, მაგრამ ის კარგი ჟურნალისტია და ამისთვის ბოდიში მოიხადა, ამის შემდეგ როგორი კამპანია მოჰყვა და ძალიან დიდი გაცნობიერება მოხდა საზოგადოებაში. შემდეგ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდი როგორ გამოიყვანა „რუსთავი 2“-მა ერთ-ერთ შოუში და რა უზარმაზარი პოზიტიური ეფექტი ჰქონდა საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.