არაადეკვატური მოპყრობის გამო ციხიდან პატიმრები გარბოდნენ, თავს ვერ მოვიტყუებ - მოსამართლეობის კანდიდატი

არაადეკვატური მოპყრობის გამო ციხიდან პატიმრები გარბოდნენ, თავს ვერ მოვიტყუებ - მოსამართლეობის კანდიდატი

„ვისაც ნანახი აქვს, რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებაში, არასოდეს დაავიწყდება“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლალი ფაფიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

ლალი ფაფიაშვილი, 2004-2007 წლებში, წინა ხელისუფლების დროს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას ამავე კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ სოფო კილაძემ სთხოვა შეეფასებინა, რა მდგომარეობა იყო იმ პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობის, კერძოდ პატიმრების კუთხით.

ლალი ფაფიაშვილმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში 2004 წელს აბსოლუტური გაუმართაობა იყო, რაც იმ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო.

„2004 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში აბსოლუტური გაუმართაობა დაგვხვდა, ყველაფრის ნულიდან დაწყება ხდებოდა საჭირო. იყო შემთხვევები, როცა პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახდენდნენ გაქცევას, ის, რომ არაადეკვატური მოპყრობა იყო, ამაზე თავს ვერ მოვიტყუებ. პენიტენციურ სისტემაში ყველაზე მწვავე პრობლემა იყო მკურნალობასთან დაკავშირებით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების გაყვანა ვერ ხორციელდებოდა შესაბამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და ინფრასტრუქტურა იყო აბსოლუტურად გაუმართავი. იმას, ვისაც აქვს ნანახი რა მდგომარეობა იყო იმ პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში, ვფიქრობ არასდროს დაავიწყდება“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

სოფო კილაძემ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებაც გაუმახვილა ყურადღება. ამ მიმართულებით კი, ლალი ფაფიაშვილმა სულხან მოლაშვილის ქეისი გაიხსენა.

„წამება და არაადამიანური მოპყრობა - ეს არის ის, რა შეფასებებიც აქვს მიცემული სტრასბურგის სასამართლოს ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებით. როგორ შეგვიძლია ამ შემთხვევაში არ გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული სულხან მოლაშვილის ქეისი“, - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა და აქვე დასძინა, რომ შეცდომები ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს, ამისგან არავინ არის დაზღვეული.

„აქ შეიძლება იყოს საუბარი მასშტაბზე და გამოსწორების სურვილი რამდენად არსებობს, წინ მივდიოდეთ და რეფორმებს ვახორციელებდეთ“, - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა

სოფო კილაძემ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ეს წინა ხელისუფლების შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. „ თქვენ თქვით, რომ ეს იყო შეცდომები, მე დანაშაულს დავარქმევდი. შეცდომებიც იყო, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო დანაშაული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.