ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბიზნესის კეთების მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველომ ქულების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„2020 წლის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს თავისი ქულების მიხედვით, გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა, რომელიც ახლა არის 83.7 ქულა. ეს არის ისტორიულად მაღალი ქულა საქართველოსთვის. საქართველო კვლავაც რჩება 2020 წლის განმავლობაში რეგიონალურ ლიდერად, ევროპის და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით არის კვლავაც პირველ ადგილზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან, საიდანაც 8 ინდიკატორში საქართველოს აქვს სერიოზული გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ამ რეიტინგის მიხედვით საქართველომ კვლავაც მიაღწია პროგრესს და გააუმჯობესა ქულა. რაც შეეხება რეიტინგში დაკავებულ ადგილს, საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა არის გაუმჯობესებული და აქ უნდა ითქვას, რომ აშშ-მ გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ დღესდღეობით კონკურენციაში ვართ - ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი, აშშ თუ საქართველო. ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან. აქედან 8 ინდიკატორში გვაქვს გაუმჯობესება. კერძოდ, ეს არის ბიზნესის დაწყების ინდიკატორი, სადაც თითქმის 100 ქულას ანუ მაქსიმუმს ვაღწევთ; მშენებლობის ნებართვების ინდიკატორი; ელექტროენერგიის ქსელთან მიერთება, სადაც ყველგან გაუმჯობესება გვაქვს; ქონების რეგისტრაცია; მინორიტარული ინვესტორთა უფლებების დაცვა; გადასახადების გადახდის პროცესი; ვაჭრობა საზღვრებს მიღმა; გადახდისუუნარობა; ანუ 8 ძირითადი ინდიკატორი 10-დან არის გაუმჯობესებული. დანარჩენ ორში არ გვაქვს ცვლილება და ეს არის ძირითადად ის შეფასებები, რამაც განაპირობა ჩვენი ჯამური ქულის ზრდა. ისევ ვრჩებით ლიდერებს შორის. აშშ-მ ამ ეტაპზე ოდნავ მეტი გააკეთა ვიდრე საქართველომ“, - განაცხადა თურნავამ.