ორი დეპუტატი, ვის კითხვებსაც პაატა სილაგაძემ არ უპასუხა, რის შემდეგ სხდომათა დარბაზიდან მისი გაძევება მოითხოვეს

ორი დეპუტატი, ვის კითხვებსაც პაატა სილაგაძემ არ უპასუხა, რის შემდეგ სხდომათა დარბაზიდან მისი გაძევება მოითხოვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე აცხადებს, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხებს. სილაგაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, ამავე სასამართლოს კონკურსში კვლავ მონაწილეობს.

მისი თქმით, თავის დროზე უზენაეს სასამართლოში მუშაობისას მას ლევან გოგიჩაიშვილის საქმე აქვს განხილული უზენაეს სასამართლოში, ამიტომ ეს დეპუტატი მასთან მიმართებაში ობიექტური ვერ იქნება. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა.

ერთი პროკურორი ჩინჩალაძე იყო, რომლემაც პროცესზე კითხვაზე პასუხი არ გასცა და თქვენც დუმილის უფლებას იყენებთ აქ? – მიმართა მან სილაგაძეს.

მიუხედავად ამისა ლევან გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს არაერთი კითხვა დაუსვა, მათ შორის: როგორ მოხდა, რომ 2012 წლამდე მის სამოსამართლეო სტატისტიკაში გამამრთლებელი განაჩენი არ მოიძებნება, 2012 წლის შემდეგ კი ასეთი 22 საქმე აქვს? ხართ თუ არა ჰომოსაპიენსი და სხვა. სილგაძემ გოგიჩაიშვილის არც ერთ კითხვას არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გოგიჩაიშვილის არც ერთი კითხვა არ ეხებოდა მის სისხლის სამართლის საქმეს. მოგვიანებით, ლევან გოგიჩაიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევებინათ. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფაა, როდესაც კანდიდატი კონკრეტული დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს, სხვა დეპუტატის კითხვებს კი პასუხობს.

„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით სხდომის წამყვანს, თქვენ თუ არ გეუხერხულებათ ასეთი დამოკიდებულება კანდიდატის, თქვენი კოლეგის მიმართ, მე ვფიქრობ, ეს არის თქვენი პრობლემა. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც დღეს ბატონი პაატა აკეთებს. მე აქ ვიცავ პარლამენტის ღირსებას, ინსტიტუციის ღირსებას ვიცავ. დღეს რასაც ბატონი პაატა აკეთებს, ამის გამო, თქვენს ადგილას ვეტყოდი მანდატურს – მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა და თქვენ თუ არ შეგიძლიათ დაიცვათ პარლამენტის ინსტიტუცია, ეს არის თქვენი პრობლემა. მე მოგიწოდებთ, ბატონი პაატა გააძევოთ, ვინაიდან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს. არ შეიძლება ასეთი სულისკვეთების ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა არც დამოუკიდებელი  დეპუტატის ეკა ბესელიას მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც სილაგაძემ აღნიშნა, ეკა ბესელია მასთან მიმართებაში ობიექტური ვერასოდეს იქნება. დეპუტატმა მოსამართლეობის კანდიდატს კითხვა წარსულ საქმიანობაზე დაუსვა და დაინტერესდა, რატომ არ აქვს მას გამოტანილი 2012 წლამდე პერიოდში არც ერთი გამამართლებელი განაჩენი.

„სუბიექტური ბრძანდებით ქალბატონო ეკა. თქვენ არც ერთ კითხვაზე არ გაგცემთ პასუხს, იმიტომ, რომ თქვენი პოზიცია დაფიქსირებული გაქვთ წინასწარ ჩემთან მიმართებაში. თქვენი შესავალი სიტყვაც მაძლევს იმის საფუძველს ვთქვა, რომ თქვენ ჩემთან მიმართებაში ობიექტური ვერ იქნებით ვერასდროს“, – განაცხადა სილაგაძემ.

ამის პასუხად დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. რომ ის მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას არ დაუსვამდა და მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებდა, რომლითაც გამოჩნდება, რომ პაატა სილაგაძის კომპეტენცია დაბალი და შეუსაბამოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის.