ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის უანგარო დახმარება და რა თქმა უნდა, იგი არის გლობალური მასშტაბის მქონე მეცენატი და არაფერია ამაში გასაკვირი.
„ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებიათ და კვლავ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის, უშუალოდ მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იმისთვის, რომ ზოგადად განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა.
ეს არის უანგარო დახმარება და რა თქმა უნდა, იგი არის გლობალური მასშტაბის მქონე მეცენატი და არაფერია ამაში გასაკვირი, რომ ყურადღებას უთმობს არამხოლოდ საქართველოს განვითარებას და წინსვლას, არამედ გლობალურ პრობლემებს, რომელიც მაგალითად, არის კლიმატური ცვლილებები, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც მათ შორის.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
ბერას ივანიშვილის თქმით, მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას $1.1 მილიონი დოლარი შესწირა: “მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. თანხა, რაც მე საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ”.