უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე მოსამართლე ლევან მურუსიძეს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანად აფასებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მას სერგო მეთოფიშვილის ფეისბუქპოსტი შეახსენა, სადაც ლევან მურუსიძეზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. პაატა სილაგაძეს კი, ეს პოსტი მოწონებული ჰქონდა. ხათუნა გოგორიშვილმა მას კითხვით მიმართა, არის თუ არა ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ბურჯი.
პაატა სილაგაძე: ლევან მურუსიძე არის ჩემი კოლეგა, მასთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ სასამართლო სისტემაში და ჩემი გადასახედიდან ის არის დადებითი ადამიანი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანი და მოსამართლე.
ხათუნა გოგორიშვილი: ლევან მურუსიძე სამაგალითო მოსამართლეა, ვისნაირიც გინდათ რომ იყოთ?
პაატა სილაგაძე: ჩემთვის სამაგალითო მოსამართლე არის გუგული დევდარიანი, რომელიც ცოცხალი აღარ არის.
ხათუნა გოგორიშვილი: 2013 წელს მოსამართლეთა კონფერენციაზე თქვენ იყავით ერთ-ერთი კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის, თქვენ მოხსენით კანდიდატურა ლევან მურუსიძის სასარგებლოდ.
პაატა სილაგაძე: მდივნობის კანდიდატი არ ვყოფილვარ, არ დავაყენე კანდიდატურა.
ხათუნა გოგორიშვილი: თქვენ თქვით, რომ ამას აკეთებთ ლევან მურუსიძის სასარგებლოდ.
პაატა სილაგაძე: ასეთი რაღაც ვთქვი? არა.
ხათუნა გოგორიშვილი: ეს თქვენი ციტატაა...
პაატა სილაგაძე: არ დამიყენებია კენჭისყრაზე საერთოდ და არ მითქვამს ასეთი რაღაც.
ხათუნა გოგორიშვილი: მე მაინც გირჩევთ გადახედოთ არქივს. რაც ჩვენ შეკითხვები დავიწყეთ, ამბობთ, რომ ბევრი რამ არ გახსოვთ . მე მგონი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გარდა სხვა კომპეტენციებისა, მეხსიერებაც კარგი უნდა ჰქონდეს.
პაატა სილაგაძე: კარგი მეხსიერება მაქვს ძალიან.
ხათუნა გოგორიშვილი: მე მაინც გირჩევთ, გადახედოთ თქვენს გამოსვლებს, თქვენს გადაწყვეტილებებს, ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულობაში.