გრიგოლ ლილუაშვილი:  საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

გრიგოლ ლილუაშვილი:  საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს

საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს, – ამის შესახებ მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.

აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები,“ – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამასთან ლილუაშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორების- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთო-ს და გაერო-ს დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

„თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ძალიან ეფექტური, ვინაიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბარი, შედეგად აღნიშნული ფორმატების ფარგლებში გამართული შეხვედრები მეტწილად არის ნაკლებად შედეგიანი.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

სოციალისტი ამ კაცს სიტყვა საფრთხე რას ნიშნავს არ ესმის! საფრთხე გულისხმობს, რომ რაღაც მოხდება და იმ მოვლენის შემდეგ მდგომარეობა, სიტუაცია უარესობისკენ შეიცვლება! რადგან ეს ოკუპაცია უკვე განხორციელებული აქტია, დასრულებული მოვლენაა მასზე როგორც საფრთხეზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ მაინცა და მაინც რუსეთის შესახებ უნდა გამოთქვას აზრი სწორი იქნებოდა ეთქვა, რუსეთის სახელმწიფოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკა საქართველოსათვის წარმოადგენს საფრთხესოოოო!!! ამ დროს მართებული იყო ელაპარაკნა სხვა საფრთხეებზე, უფრო საშიშზე და მეტად რეალურზე. მაგალითად, თურქეთის სახელმწიფოს იდეოლოგიაზე, მიზნებზე... ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებთან, კერძოდ იმაზე როოგორ მოიზრებს საქართველოს განუყოფელ კუთხეების აჭარა-გურიას საკუთარი სახელმწიფოს შემადგენლობაში. უნდა ელაპარაკნა იმაზე როგორი ეთნოგრაფიული სიტუაციაა სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სამხრეთ საქართველოში და აზერბაიჯანელებით დასახლებულ აღმოსავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში ანუ იმ რეგიონებში, რომეშიც მოყვარის სახით შემოსულმა მტერმა დიდი ხანი განახორციელა მცოცავი თუ გველური ოკუპაცია!
4 წლის უკან