„60% არა კვახი", - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" 60%-ს მიიღებს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია სატელიტ პარტიებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ჩამოაყალიბოს.
რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება" ხმების 28% მიიღებს.
„კობახიძეს თავისი არითმეტიკული შეცდომების გამოსწორება მოუწია. გუშინ განაცხადა, რომ თუ 45%-ს მივიღებთ ჩვენო, მაშინ ხელისუფლებაში ვერ მოვალთ და ახალი არჩევნების ჩატარება იქნება საჭირო. ვერ გამოთვალა, რომ თუ 45% მიიღო „ქართულმა ოცნებამ" და მისმა სატელიტებმა, ე.ი დანარჩენებმა მიიღო 55%, რომელიც ახალ მთავრობას შექმნის და არავითარი დამატებითი არჩევნები საჭირო არ იქნება. ახლა ელემენტარული არითმეტიკა რომ გააცნობიერა, ამბობს, რომ ჩვენ 60%-ს მივიღებთ და ამით მორჩება ყველაფერი. ეს ახსნა- განმარტებები სასაცილოა.
მათ ძალიან კარგად იციან, მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ შეუძლებელია მათ სატელიტებთან ერთად ჩამოაყალიბონ ხელისუფლება, ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს" და პრორუსულ პარტიებს, ასევე პატარა პარტიებს, რომელიც შემდეგ შეიძლება მიერთონ. მაგრამ, მთლიანობაში ძალიან კარგად ხედავენ, რომ ოპოზიციური ძალები ქმნიან სახელისუფლებო უმრავლესობას და მისი ეს განმარტებები უფრო მხილებაა მათი პრობლემებისა, ვიდრე შეგულიანება მათი ამომრჩევლის", - განაცხადა რომან გოცირიძემ "2020NEWS"-თან.