გიგა ბოკერია:  სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა

გიგა ბოკერია:  სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება იმათ, ვინც მას იმავე მეთოდებით ებრძოდა

„იგივე პირობებზე ვართ, რაც იქამდე გვაქვს ნათქვამი. ივანიშვილის და პრორუსული ძალების ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილება არის ეროვნული ამოცანა. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ოღონდ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ ოპოზიციის ცენტრში და სხვებს ჩვენი მხარდაჭერა მოუწიოთ, მათ შორის, სააკაშვილის გუნდს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია აღნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დევნა არ მოხდება, „ევროპული საქართველოშიც“ აზრთა სხვადასხვაობაა.

„ჩემს გადასაწყვეტზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არის ხედვა, რომელიც აქვს „ევროპულ საქართველოს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენი პარტიის შიგნითაც დისკუსიაა ამაზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია. ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო, ივანიშვილის სასამართლოთი და ივანიშვილის პროკურატურით პოლიტიკური ოპონენტები არ უნდა გაასამართლო, ხოლო, სამართლიანი სასამართლოს აშენებას და ტრადიციის შექმნას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის თქმა მსურდა. ეს არგუმენტები ჰქონდათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგალითად, პოლონეთმა. რაღაც მომენტში, ერთ წრეზე ტრიალს წერტილი უნდა დაუსვათ. ამას სჭირდება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციის შექმნა, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ეს ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ. დაუსჯელობა კი არ არის ამოცანა, დაუსჯელობა ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ხალხის მასობრივად დასჯა, იმ სისტემაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, დიდი პრობლემაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.