უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მეუფე ამბობს, ავტოკეფალიის მოპოვება არის პროცესი, რომელიც შეიძლება ათეულობით წლები გაგრძელდეს.
„ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც. უკრაინის ავტოკეფალიას, დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. ამის დრო დადგება. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ჩვენ რომ წაგვართვეს რუსებმა ავტოკეფალია, ამის აღდგენას დასჭირდა 100 წელი და კიდევ 50 რუსეთს რომ ეცნო და შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს. შეიძლება ითქვას, რომ მარტო აღდგენას ორი საუკუნე დასჭირდა და მოპოვებას წარმოიდგინეთ?! ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი წელი, არამედ ათეულობით წლები. მთავარია, უკრაინელმა ხალხმა მოისურვოს ეს“,- განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.
ისეთი ლიბერალური ჩანხარ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარებაზეც არ იტყოდი უარს.
ასე არ არის???