„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ადვოკატ მარიტა კუბლაშვილის ირგვლივ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
კუბლაშვილი სესუალურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს იცავა, რის გამოც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.
"რა ამბავი ატეხილა ადვოკატზე. გამოდის, რომ თუ ცუდ ადამიანს იცავ, ცუდი ხარ? დამნაშავეები ცუდებმა დაიცვან და უდანაშაულოები კარგებმა? მკვლელი, ყაჩაღი, პედოფილი არავინ უნდა დაიცვას?
ოთხმოცდაათიან წლებში მოხდა სამარცხვინო და საზარელი შემთხვევა. მაშინდელმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ის სექსუალურ მანიაკს არ დაიცავდა. საქმე ეხებოდა იმ დროს მეტად გახმაურებულ ამბავს, რუსთაველ მანიაკს, რომელმაც რამდენიმე ქალი მოკლა. ციხეში პატიმარს ყური მოაჭრეს. სწორედ მის დაცვაზე განაცხადა დევდარიანმა უარი. ეს პატიმარი საშინელ დამცირებას განიცდიდა ციხეში. ბოლოს გაირკვა, რომ ფსიქიურად დაავადებული ყოფილა და თავისი უცნაური ქცევების გამო მილიციამ და შემდეგ სასამართლომ რუსთაველ მანიაკად ჩათვალა და უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამოამწყვდია, ნამდვილი მანიაკი კი მოგვიანებით იპოვეს.
უფლედამცველების წყალობით საბოლოოდ სიმართლე გაირკვია. ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას და რეაბილიტაციას. როცა გავიცანი ფსიქიატრიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. დაძლია თავისი პრობლემები, იშოვა სამსახური და დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას.
პირადად მე საკრებულოს დეპუტატისა და მისი თანამშრომლის ამბავში ეჭვიც არ მეპარება, რომ ის კაცი მოძალადეა, მაგრამ რა უფლებით უნდა განვეწყო აგრესიით მისი დამცველის მიმართ? ადვოკატის ბულინგი და მასზე ზეწოლა ხელს რომ შეუშლის სამართლიანი მართმსაჯულების განხორციელებას, ეს დიდად საკამათო არ უნდა იყოს," - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქზე.