„გინესის რეკორდებში შესაყვანი კაცია ეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იურიდიულ კომიტეტზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატზე, ვლადიმერ კაკაბაძეზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ვლადიმერ კაკაბაძე დაჯარიმებებთან დაკავშირებით უპრეცედენტო და აბსურდულ გადაწყვეტილებებს იღებდა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდი მოხსნა და ერთ დღეში ორი კომპანია- „ფილიპ მორისი“ და „ბრითიშ ამერიქან ტობაკო“ ერთად 362 მილიონი ლარით დააჯარიმა.
„არ მოველოდი რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე განაცხადებდით პრეტენზიას. თქვენ ხართ საქართველოში რეკორდსმენი მოსამართლე, თქვენ დააჯარიმეთ 2 კომპანია ერთ დღეში ერთად, 362 მილიონი ლარით. ეს არის იმ რაოდენობის თანხა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში დაჯარიმებულა ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ერთად აღებული. ეს უკვე აღემატება ნახევარ მილიარდ ლარს, ეს ხომ აბსოლუტურად განადგურებას და გაკოტრებას ნიშნავს იმ კომპანიების, ვისაც მსგავსი რაოდენობის ჯარიმას უწესებთ. დაგიჯეროთ ახლა, რომ ეს პატიოსნად და სინდისიერად გააკეთეთ? ამაში არავითარი ანგარებითი არ იკითხებოდა? წარმოუდგენელია“, - უთხრა რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს.
„რა იცით რომ ერთ დღეში დავაჯარიმე? ერთ დღეში დავაჯარიმე კი არა, თვეები განვიხილავდი იმ საქმეს. აბსოლუტური სიცრუეა, რომ ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება ერთ დღეში გამოცხადდა კი ბატონო, რადგან ერთგვაროვანი საქმე იყო. ამაში კრიმინალი არ არის“,- აცხადებს ვლადიმერ კაკაბაძე.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ვლადიმერ კაკაბაძეს უსმენენ.
ანუ:
362.000 000 > 500.000 000 !
სკოლაში არ მიყვარდა მათემატიკა. არადა, რა საინტერესო საგანი ყოფილა!