ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრგვალი მაგიდით „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ გაიხსნა. მედიცინის, მედიის, ფსიქოლოგიის და სამართლის სპეცალისტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში დღეს გახსნეს დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების სწორ ფორმებზე. ასევე, ისაუბრეს ამ ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობასა და საზოგადოების ემპათიურობაზე, სტიგმაზე, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მიმართ.
„ეს არის საკითხი, რომელზეც ბევრი მუშაობაა აუცილებელი. საჭიროა მოხდეს სტიგმების მოცილება და დეკონსტრუქცია იმისა, რაც ხდება. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. სერიოზული ძალებია ამ პროცესში ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობა შედეგს გამოიღებს,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ რექტორის მოადგილის, პროფესორ ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, პროექტები, რომელიც სუიციდის პრევენციის საკითხებს ეხება, უნდა განახორციელონ არა მხოლოდ სპეციალურმა ორგანიზაციებმა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებმაც. „საუბარია საგანმანათლებო აქტივობებზე, რათა ჩვენ, საზოგადოებამ გავიგოთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებიი არის ჩვენი საზოგადოების წევრნი არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი საქმეა. სუიციდის პრევენცია შესაძლებელია, თუ გამოვნახავთ 40 წამს ინფორმაციის გაცემისთვის, 40 წამს მხარდაჭერისთვის და 40 წამს გულახდილი საუბრისთვის. უნდა შევიმუშავოთ სტრატეგია, მედიის საშუალებით მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რათა მათ არ ჰქონდეთ გაუცხოების შეგრძნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებთან, ვისაც სპეციალური სოციალური და სამედიცინო მხარდაჭერა ესაჭიროება,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ. „არასაკმარისი ინფორმაციის გამო ვაწყდებით პრობლემებს, სტიგმას, გაუცხოებას, სეპარირებას, გარიყულობის განცდას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ საზოგადოების მხრიდან. ეს ძალიან ცუდი შედეგით, ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ხოლმე საზოგადოებას. ამ სფეროში განათლება, ტაბუს არარსებობა, მასმედიისა და აკადემიური წრეების ღია, საჯარო ჩართულობა არის ერთადერთი სწორი გზა, საითკენაც უნდა მიდიოდეს საზოგადოება. სოლიდარობა საზოგადოებისა თავის ყველაზე მოწყვლადი წევრების მიმართ გახლავთ უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი საზოგადოების სიმყარის, შემდგარობისა და მისი წარმატებისა,“- განაცხადა ლაშა კილაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ზაზა ბოხუამ, სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარემ ეკა ჭყონიამ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორმა თინა (თიკო) ცომაიამ, მედიის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო, ყველა ერთად მუშაობდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებაზე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული პირობები, რომ მიიღონ შესაფერისი სამედიცინო ხარისხის მომსახურება, მეტი აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს პრევენციაზე. დღევანდელი შეხვედის მიზანია, საუნივერსიტეტო გარემოში, საზოგადოებაში, სწორი წარმოდგენები შევქმნათ სუიციდის რისკთან დაკავშირებით და გამოვიყენოთ ის 40 წამი,რომელიც შეიძლება გვქონდეს თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად,“- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა ნახატების გამოფენა.
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი გლობალური მოძრაობა ეძღვნება სუიციდის თემას. სლოგანით - „40 წამი მოქმედებისთვის“, მიზანი სუიციდის საკითხზე ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს მესიჯს, რომ დღეს, მსოფლიოში ყოველ 40 წამში 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ჩვენ შეგვიძლია სუიციდის შეჩერება, ამისათვის 40 წამიც საკმარისია. 40 წამი გულახდილი საუბრისთვის, 40 წამი ყურადღებისთვის, 40 წამი ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის... შეაჩერე სუიციდი!
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით ასევე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა მხარდასაჭერად. კვირეული დაიხურება 10 ოქტომბერს აქციით „ჩვენი თვალებით“, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ასფალტზე ხატვის და არტ თერაპიის ღია გაკვეთილი ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით.