უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აქტიურად ეხმაურებიან ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებას - გამოქვეყნდა მისი შემოქმედების შეფასებები, კომენტარები და მოგონებები. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობა რუსულ მასმედიაში - როგორც პრესაში, ასევე რადიო-ტელევიზიაში და სხვა ელექტრონულ გამოცემებში.
გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით, "ქარით დატირებული", რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება. "მართალია, გია ალექსანდრიოვიჩმა შეძლო ჭეშმარიტად ყველა დროისათვის საყვარელი სახალხო შლიაგერები შეექმნა საბჭოთა კინოფილმებში ("მიმინო", "ქინ-ძა-ძა" და ა.შ.),
მუსიკის ისტორიაში იგი მაინც შევა როგორც მასშტაბური სიმფონიების ავტორი, მსხვილი ნამუშევრებით სიმფონიური ორკესტრისათვის: "სევდა ნათელი", "ქარით დატირებული", "სტიქსი" და სხვა მრავალი ნაწარმოებებით. იგი ძალიან შრომისუნარიანი იყო, მისი მუსიკალური ქმნილებები ყოველწლიურად იზრდებოდა და მოიცავდა როგორც სიმფონიურ მუსიკას, ასევე ვოკალურს და კამერულს", - აღნიშნულია სტატიაში.
კომპოზიტორის აღიარებით, მას ყველაზე მეტად თავის სამშობლოში - საქართველოში აკრიტიკებდნენ - "შენი მუსიკა სრულიად არაქართულია და ადგილობრივ ეროვნულ მდიდარ ფოლკლორს უარყოფსო". კაცმა რომ თქვას, გია ყანჩელი აღმერთებდა ქართულ მრავალხმიანობას, პოლიფონიას, მაგრამ მართლაც ნაკლებად იყენებდა თავის შემოქმედებაში ფოკლორულ მოტივებს (იშვიათი გამონაკლისია «Magnum Ignotum», რომელშიც სამხმიანი გურული სიმღერა ისმის) და ყოველთვის ამართლებდა იდეას, რომ პროფესიულ მუსიკაში ინდივიდუალური ეროვნულზე მაღლა დგას. ეროვნული თვითმყოფადობის დამცველთა "ჩხვლეტებს" გია ყანჩელი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წყენით იხსენებდა. ემიგრაციაშიც იმიტომ წავიდა, რომ იგი ვერ შეეგუა, ვერ შეძლო შერიგებოდა ახალ ქართულ რეალიებს 1990-იან წლებში (ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ ბელგიაში). ბედის ირონიით, კინომუსიკაში მის მიერ დატოვებული დიდი შრე, რომელიც ასე ფართოდაა ცნობილი რუსეთში, საქართველოში პრაქტიკულად ეროვნული გახდა - მელოდიები ფილმებიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", "როცა აყვავდა ნუში", "ცისფერი მთები", "შერეკილები" შეიძლება რესტორნებშიც მოისმინოთ და ტელეფონებში რინგტონების სახითაც.
თუმცა გია ყანჩელი კიდევ უფრო მეტად განიცდიდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაურესებას: 2008 წლის ომის შემდეგ კი იგი გადაჭრით უარს აცხადებდა რუსეთში ჩამოსვლაზე - იმ ქვეყანაში, რომელთანაც ბევრი რამ აკავშირებდა - და მას თავისი გადაწყვეტილება სიკვდილამდე არ შეუცვლია.