როგორ იქორწინა შოთა ჭიჭიაშვილმა მძევლის შვილიშვილზე - უცნობი ფაქტები N1 ტერორისტზე

როგორ იქორწინა შოთა ჭიჭიაშვილმა მძევლის შვილიშვილზე - უცნობი ფაქტები N1 ტერორისტზე

ორი დღის წინ, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს, ქართველი კრიმუნალური ავტორიტეტი, შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის, ადამიანთა გატაცებები და მკვლელობები. ჭიჭიაშვილი ციხიდან 2013 წლის ამნისტიით გამოვიდა და საქართველო მალევე დატოვა.

მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი:  „უკრაინაში რომ იყო, მისი მკვლელობის შემდეგ გავიგე. ვიცოდი, რომ თურქეთში იყო. მას 90-იანი წლების ბოლოდან ვიცნობდი, როცა წითელი ჯვრის თანამშრომლების გატაცება მოხდა - ამ საქმეში ჩართული ვიყავი და მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია ჭიჭიაშვილთან. იმ სიტუაციაში მოიქცა უაღრესად სწორად და ვაჟკაცურად. აბრალებდნენ, მაგრამ მისი გატაცებული არ იყვნენ წითელი ჯვრის თანამშრომლები, ისინი, რამდენადაც ვიცი, ჩეჩნების გატაცებული იყვნენ. კერძოდ, იმ რაზმის ნარჩენისგან, რომელიც საქართველოში 1999 წლის მერე ჩამოვიდა - ლტოლვილებს შემოყვა პანკისში. ეს არ იყო რაზმი, რომელსაც გილაევი აკონტროლებდა, მოკლედ, უკონტროლო რაზმი იყო დ მან გაიტაცა წითელი ჯვრის თანამშრომლები. გამოსასყიდად 2 თუ 3 მილიონს ითხოვდა და ჭიაჭიაშვილის მეშვეობით მოხერხდა, რომ უსისხლოდ და გამოსასყიდის გარეშე განთავისუფლდნენ მძევლები. ჭიაჭიაშვილი მაშინ ითხოვდა შეწყალებას თავისი და თავისი რამდენიმე თანამებრძოლისთვის იმიტომ, რომ მანამდე მან საგარეჯოს იზოლატორზე მოახდინა თავდასხმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა ბაკურაძის მეშვეობით კომუნიკაცია დავამყარე მაშინდელ ხელისუფლებასთან და მერე, უკვე შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება და შეწყალების დოკუმენტი გამოუგზავნა. თუ არ ვცდები, ეს 2000 წელს მოხდა. მოკლედ, იქიდან ვიცნობდი და მერე, რამდენიმეჯერ ვნახე. ვიცი, რომ გარკვეული საკვანძო საკითხების გადაწყვეტაში მას მიმართავდნენ ხოლმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები იმიტომ, რომ უსაზღვრო ავტორიტეტი ჰქონდა პანკისის ხეობაში.

ერთ რამესაც გეტყვით, ის იყო შეურიგებელი მებრძოლი ნარკომავაჭრეებთან, მათ შორის, მაგალითად, ცნობილ ვეფხია მანროშვილთან, რომელიც მერე ააფეთქეს და ის თვლიდა, რომ პანკისში რაც უბედურება ხდებოდა, საქართველოს  ხელისუფლების დამსახურება იყო გარკვეულწილად, რომელიც ხელს უწყობდა ნარკომაფიის გაძლიერებას ხეობაში ( იგულისხმება შევარდნაძის ხელისუფლება).

კიდევ ერთ გატაცების საქმეში ვიყავი ჩართული, ეს არის ხოშაბაევის გატაცება. ხოშაბაევის შვილი მოსკოვში ძალიან შეძლებული კაცი იყო და ამ მიზნით გაიტაცეს, მაგრამ კომიკურად დამთავრდა ეს ამბავი - ჭიჭიაშვილს ხოშაბაევის შვილიშვილი მოეწონა, ხოშაბაევი გაათავისუფლა და მის შვილიშვილზე დაქორწინდა.“